თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გააკეთა განცხადება და განმარტა რას გულისხმობდა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე თავდასხმის შესახებ შეახსენა.
ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 23 მაისის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღებამ თბილისის ქუჩებში არაკონტროლირებადი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს.
„ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მან აღნიშნა, რომ ფიცოზე თავდასხმის ხსენება სწორედ ამას უკავშირდებოდა.
„ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში“, - ნათქვამია ევროკომისრის განცხადებაში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, რომელიც არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, მოხდა 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ. თავდასხმის შემდეგ ფიცო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მწერალი იურაი ცინტულა პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობდა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მსროლელს თანამზრახველები ჰყავდა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.