თბილისი, 24 მაისი – Sputnik. გამაოგნებელია ნებისმიერ კონტექსტში სლოვაკეთის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის ხსენება იმ ზომების მაგალითის სახით, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო დაემუქრა. „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - მოიყვანა ევროკომისრის ციტატა კობახიძემ.
„პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება, გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, რომელიც არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, მოხდა 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ. თავდასხმის შემდეგ ფიცო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მწერალი იურაი ცინტულა პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობდა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მსროლელს თანამზრახველები ჰყავდა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.