თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყოველგვარ საფუძველი გამოაცალა კამპანიას, რომელიც განხორციელდა მისი კანონიერი დაპატიმრებიდან უკანონო გათავისუფლებისთვის და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე.
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„ეს არის საბოლოო განაჩენი სააკაშვილთან მიმართებით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს და მთელი ის კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სააკაშვილის უკანონოდ გასათავისუფლებლად მისი კანონიერი პატიმრობიდან და მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოს დასუსტებას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა. ანუ ასეთი კამპანიისთვის საფუძველი აღარ არსებობს“, - განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა გაიხსენა არაერთი დემარში, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისგან, ასევე კამპანია სახელწოდებით Free Misha, რომელიც ძალიან კარგად იყო დაფინანსებული.
„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, მოწამვლა და ასე შემდგომ. ყოველივე ამას სამართლებრივადაც კი, მაშინვე გამოეცალა საფუძველი", - განაცხადა ბრეგაძემ.
მან მადლობა გადავხადა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, მათი ოჯახის წევრების დევნის მიუხედავად, პატიოსნად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე.
„სწორედ ამ ადამიანების გაერთიანებამ მოიტანა ის, რომ დღეს საქართველო არის ნამდვილად წელგამართული მთელი მსოფლიოს წინაშე იმიტომ, რომ ის ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ, აღმოჩნდა სიმართლე. ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, არამედ გვყავს მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო“, - განაცხადა მინისტრმა.
გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3-წლიანი პატიმრობა.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლის ნოემბრიდან იხდის.
სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.