თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ აშშ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ", - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც ბლინკენმა აღნიშშნა, საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ორმხრივი ურთიერთობებისთვის გრძელვადიანი და ფუნდამენტურია.
„ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს – მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, შეეზღუდოს აშშ-ის ვიზის მიღების უფლება და შეეზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ეს შეზღუდვები, შესაძლოა, ასეთი ადამიანების ოჯახის უახლოეს წევრებზეც გავრცელდეს, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა შემუშავებულია „იმიგრაციისა და ეროვნული სტატუსის შესახებ" კანონის შესაბამისად და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს დააწესოს სავიზო შეზღუდვები იმ პირებზე, იქნება ეს მოქმედი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ძალის ან იძულების გამოყენებით, რათა თავიდან აიცილონ სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელება, ასევე ასეთი პირების ოჯახის წევრების მიმართ.
ბლინკენმა აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეული გადახედვის დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.
„ასევე, დღეს ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. როგორც მანამდე, ახლაც იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვისას, აშშ საკუთარი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მიიღებს, აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი, რომელიც ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ახდენს იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ამასთან ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მუშაობენ.
რადგან საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა მინიშნებები და ძალადობის გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად, განაცხადა ბლინკენმა.
„როგორც „ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რაც ასახულია მის კონსტიტუციაში – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.