თბილისი, 24 მაისი – Sputnik. მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში აპირებენ, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2005 წელს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და 2008 წელს ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ.
„მიგვაჩნია, რომ მცდარად იმსჯელეს შეწყალების ნაწილში, შავით თეთრზე უნდა ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული. გელაშვილის ნაწილში, მიხეილ სააკაშვილი არის, აბსოლუტურად, უდანაშაულო, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც არსებობს პოლიტიკურად დაინტერესებულ პირთა ჩვენებები, ამ ვითარებაში ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, მიმაჩნია, უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ემსჯელა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეში ევროსასამართლომ ვერ აღმოაჩინა დარღვევა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, სადაც ნათქვამია, რომ „ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“.
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძე, რომელიც მის საქმეს განიხილავდა, არ შეიძლებოდა მიუკერძოებელი ყოფილიყო, რადგან 2006 წელს ის იყო იმ მოსამართლის თანაშემწე, რომელიც თავად გირგვლიანის მკვლელობის საქმეს განიხილავდა.
ვერცერთ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ ვერ დაინახა მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ პუნქტის დარღვევა (ამ პუნქტში საუბარია ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა შეგროვებაზე).
სტრასბურგის გადაწყვეტილებით სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ კამპანია სამუდამოდ დასრულდა >>
სააკაშვილის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მოწმეთა ჩვენებები ეროვნული სასამართლოების მიერ სანდო მტკიცებულებად არ უნდა ყოფილიყო მიღებული, რადგან წინააღმდეგობებს შეიცავდა.
სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი საქმის სამართლიანი განხილვის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს არანაირ წესებს მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. ამას პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობა არეგულირებს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი კი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საჩივრის განხილვაზე უარს განაცხადებს.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა, ამ ბრალდებას საბოლოოდ წერტილი დაესვა.
„ევროპულმა სასამართლომ საერთოდ დასაშვებადაც კი არ გამოაცხადა ამ ნაწილში საჩივარი, ანუ არც კი ჩათვალა, რომ არსებითად ემსჯელა, იმდენად დაუსაბუთებელი იყო ეს ნაწილი“, - განაცხადა ძამაშვილმა.
მისი თქმით, ადვოკატებმა შესაძლოა სხვა ბრალდებების ნაწილში მიმართონ დიდ პალატას, მაგრამ ამით სასამართლოს წინაშე მხოლოდ თავის მართლებას შეეცდებიან.
გელაშვილის საქმეზე ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენების ორგანიზებისთვის, ხოლო გირგვლიანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის - 3 წლიანი პატიმრობა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, სააკაშვილს 6 წელი მიესაჯა. ის სასჯელს 2021 წლიდან იხდის.
სააკაშვილის მხარდამჭერები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ უკვე ორ წელზე მეტია ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ევროპარლამენტმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოთხი რეზოლუცია მიიღო და მას პოლიტპატიმარი უწოდა. საქართველოს შესახებ პირველი მკვეთრი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე - 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე - 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე - 2024 წლის 25 აპრილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.