თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს, განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე ასრულებს.
ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2020 წლის 18 თებერვალს აირჩეს.
„მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით“, - განაცხადა შოთაძემ.
როგორც შოთაძემ აღნიშნა მეხუთე წელი მიდის, რაც მას საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა უკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან მუშაობს
„ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს.
„ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით“, განაცხადა შოთაძემ.
მისი თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ.
„მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი“, -ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. .
შოთაძემ მადლობა გადაუხადა თავის კოლეგებს მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. რადგან მისი თქმით, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შეუძლია ისაუბროს, არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის“, -აღნიშნულია განცხადებაში.
რითია ცნობილი შოთაძე?
ირაკლი შოთაძე, რომელიც 41 წლისაა, საქართველოს გენერალურ პროკურორად 2015 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მაისამდე მუშაობდა. მან თანამდებობა დატოვა 2017 წლის დეკემბერში სკოლის მოსწავლეებს შორის მასობრივი ჩხუბის გამოძიების გამო აგორებული სკანდალის ფონზე. პროკურატურამ პროცესზე სკოლის მოსწავლის, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ბრალი ვერ დაამტკიცა და შოთაძემ პროტესტისა და საზოგადოების აღშფოთების ფონზე თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფიგურირებდა, საქმეში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც თავის ნათესავს ხელს აფარებდა. შოთაძის გადადგომის შემდეგ ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ სარალიძის მკვლელი ორი იყო და მათგან ერთ-ერთი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის ნათესავი იყო.
2020 წლის თებერვალში შოთაძე ხელახლა აირჩიეს გენერალურ პროკურორად.
იმავდროულად, როდესაც შოთაძე პროკურატურას ხელმძღვანელობდა, უწყებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა: შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც იძიებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების საქმეებს. გარდა ამისა, დაემატნენ ოჯახური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალური პროკურორები, ასევე პროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭო.
ამ პერიოდში საქართველოს პროკურატურამ არაერთი გახმაურებული საქმე გახსნა, მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან დაკავშირებით, ე.წ. „ქოლ-ცენტრების" ჩათვლით.