ახალგაზრდები აქციებზე და პრობლემები განათლების სისტემაში - პრემიერმა პარალელები გაავლო

პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემაში კარდინალური ცვლილებები დააანონსა და არ გამორიცხა პროტესტის შემდგომი ტალღა
Sputnik
თბილისი, 23 მაისი – Sputnik. საქართველო დღეს იმკის წინა ხელისუფლების პოლიტიკის დათესილს, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევდა განათლების სისტემას, ბავშვებსა და ახალგაზრდებს სათანადო განათლებას არ აძლევდა და ღირებულებებს ართმევდა, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მოყვა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.
„ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის – არ აძლევ სათანადო ცოდნას, ართმევ ღირებულებებს“, - ამის შესახებ კობახიძემ „პირველ არხზე“ გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მისი თქმით, პროფესორი, ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე, განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას, რითაც საზღვარგარეთიდან მიღებულ დავალებას ასრულებდნენ.
განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს.
მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) რეიტინგში საქართველომ წაკითხულის გააზრების კუთხით 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილი დაიკავა. კვლევაში 15 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ცინიზმია, რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია – IDFI-ი აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს, სადაც ასეთი რამ უწერია: ჩვენი სკოლის მოსწავლეების, სავარაუდოდ ბოლო კლასზეა საუბარი, 63%-მა საბაზისო უნარების ტესტიც კი ვერ ჩააბარა და, ამავდროულად, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რომ კონკრეტული წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდები აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, როდესაც პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ ვერ გადაჭრა ეს პრობლემები ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ცხრა წელი იყო ხელისუფლებაში, ხოლო „ქართული ოცნება“ - 12 წელი, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს დრო „სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.”
„უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკმარისი არ გაკეთდა... თუმცა ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ განათლების სისტემა მთლიანად თავის თავზე მოირგო. მათ გაანადგურეს ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები, დანერგეს საშინელი პოლიტიკა მასწავლებლების კუთხით.
შედეგად, მათ ჩამოაყალიბეს ერთგვარი არამდგრადი სისტემა, რომლის გადაწყობა მარტივად შეუძლებელი იყო. მათ უფრო დიდი პრობლემები უმაღლესი განათლების სისტემაში შექმნეს, განაცხადა კობახიძემ.
მაგალითის სახით მან მოიყვანა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც თავად არის პროფესორი.
„საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას მოჯადოებული წრე უწოდა. პრემიერის თქმით, ამის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არც სახელმძღვანელოები, არც მეცნიერება და არც სხვა არაფერი ვითარდება.
ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ შესთავაზებს ამომრჩეველს საარჩევნო კამპანიაში, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა იქნება. რეფორმა შეეხება როგორც ზოგად განათლებას, ასევე უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.
„გვექნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მნიშვნელოვნად შეიცვლება სწავლების არსი. განახლდება და ყველა მიმართულებით შეიქმნება სახელმძღვანელოები.
„ჩვენ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც მივიღებთ არა რაღაც განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, ოთხი წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს სჭირდება სისტემა, რომელიც ახალგაზრდებს სათანადო განათლებას და ღირებულებების გაცნობიერებას მისცემს. და ეს არის მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა.
ამასთან, პრემიერი დარწმუნებულია, რომ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა პროტესტის ტალღას გამოიწვევს.
„არ ვიცი მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამაზე დგას ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მან სიხარულით აღნიშნა, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია საქართველოში არ არის წარმატებული.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიში. თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან საერთოდ არაფერი დარჩება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.