თბილისი, 23 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ფრანგული Europcar-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს.
„კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია და გარემო საკმაოდ კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორი ირაკლი ქარქაშაძემ.
კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც Europcar-ი ოფისი იქნება განთავსებული.
ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეეძლებათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით“, - აღნიშნა ქარქაშაძემ.
Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. სამოდელო რიგში წარმოდგენილია როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე Europcar მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომობილების ფართო არჩევანსაც.