თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგანაც დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით საზაფხულო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 14 ათასამდე აღსაზრდელი სარგებლობდა. დედაქალაქში საზაფხულო ბაღების მუშაობა 2020 წელს შეჩედა კორონავირუსის პანდემიის გამო და მას შემდეგ აღარ განახლებულა.

„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს - ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს, რომელიც 18 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. ამასთან, საზაფხული ბაღების თანამშრომლები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. რეგისტრაცია 5 ივნისს 10:00 საათზე დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს 50 საბავშვო ბაღში 3,1ათასამდე თანამშრომელი იმუშავებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.
უწყების ცნობით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მაქცხოვრებელისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.