საქართველო დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება - რა იგეგმება 26 მაისს?

თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის რეგიონებში, ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დილით, თავისუფლების მოედანზე, ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კულტურული და სპორტული, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილი ღონისძიებები გაიმართება. ტრადიციულად მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა კვების ობიექტები. დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების წარმოდგენები.
ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღის ბოლოს გაიმართება კონცერტები.
დამოუკიდებლობის დღისადმი მზადება
თბილისის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენისა და სხვა კონსტრუქციების მონტაჟი.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.