ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების მოპარვა: დაჯგუფების მეხუთე წევრი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით გახსნა.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში..
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
აღნიშნული გზით, 2022-2023 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ოთხი წევრის მიმართ. მეხუთე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით გახსნა.
ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება.