ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5,6%-მდე გაიზრდება, რაც 0,6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა პროგნოზზე.
პირველადი პროგნოზის თანახმად, ეროვნული ბანკი ეკონომიკის 5%-მდე ზრდას ელოდა.
„სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5,6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის", - ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებლის განმარტებით, მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია.
2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2,3% შეადგინა. სებ-ის განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 5,2%-მდე ზრდას ელის. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, იგივე მოსაზრებას იზიარებენ TBC Capital-ის ანალიტიკოსები.