CASPIAN AGRO 2024: ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 15 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგრო-სამრეწველო გამოფენა CASPIAN AGRO 2024-ზე ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
CASPIAN AGRO კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას. გამოფენის ძირითადი მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მეცხოველეობა და მეფრინველეობა, ცხოველთა კვება, მებოსტნეობა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება და გადამუშავება.
დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ გააცნო.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან ბეიქერსი“ და „ზელატოსი“ წარმოებული ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მონაწილე 6 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე ესწრებოდნენ.
როგორც დავით წითლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს.
„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება გამოფენებში მონაწილეობას, ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას“, - განაცხადა პატარიძემ.
ქართული კომპანიები გამოფენაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მონაწილეობდნენ.
გამოფენას CASPIAN AGRO ყოველწლიურად 15 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.