თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა რეზონანსული კანონპროექტი მესამე და საბოლოო მოსმენით საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევს, რადგანაც ესაა ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტავად.
„ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლოვანებები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აღკვეთისთვის", - ნათქვამია დასკვნაში.
კომისიი მოსაზრებით, საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.
„კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა მიმართული, ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თუნდაც დაფინანსების უმნიშვნელო სახსრებს საზღვარგარეთიდან იღებენ, სტიგმატიზიციის, გაჩუმებისა და, საბოლოოდ, ლიკვიდაციის რისკის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია დასკვნაში.
ამ კონტექსტში ვენეციის კომისიამ გამოყო რისკები იმ ორგანიზაციების ფუნქციონირებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ და ანგარიში წარადგინონ, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ.
ამის გათვალისწინებით, არ ყოფილა მოცემული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ნათქვამია დასკვნაში.
„იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომისიამ აღნიშნა, უცხო ქვეყნების სახელით ლობირების საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ წუხილით აღნიშნა, რომ ეს მოხდა მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე და იმ პროცედურის ფარგლებში, რომელიც არ ტოვებდა ადგილს „ჭეშმარიტი განხილვისა და შინაარსიანი კონსულტაციებისთვის“.
„საკითხების განხილვის ასეთი წესი არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“, - ნათქვამია დასკვნაში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.