თბილისი, 21 მაისი — Sputnik. World Rugby-ის სერიის ივლისის ტესტ-მატჩზე დასასწრები ბილეთები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება, ვებგვერდზე tkt.ge უკვე იყიდება.
მატჩი ბათუმში, „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთების ღირებულებაა: 20, 30, 40, 60, 80, 100, 150 ლარი.
შეხვედრის შემდეგ სტადიონზე მოწყობილ ფან-ზონას ქართველი მორაგბეებიც შეუერთდებიან.
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.