თბილისი, 21 მაისი — Sputnik.თუ აშშ-ს მართლა სურს პარტნიორობა, საქართველო ამისთვის ღიაა, თუმცა, ის ვირტუალური რეალობა, რომელსაც აშშ-ის ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, აშშ განახორციელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და გახსნის თავის ბაზარს საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დემოკრატიის განმტკიცებაში აჩვენებს პროგრესს. იმ შემთხვევვაში კი თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიიღებენ, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Politiko-მ გაავრცელა.
„ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად სურს, ამაში ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას", - განაცხადა მაჭარაშვილომა.
გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ-პროპაგანდა თანამედროვეობაა და ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. „როგორც კი ამერიკის მხრიდან, ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკასთან განვიხილოთ, აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ამასთან, პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა დაახლოებით ორი თვის წინ განაცხადეს, რომ საქართველოს 30 წელია აქვს პარტნიორობა აშშ-სთან და არანაირი წინსვლა არ მომხდარა ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის ან პირდაპირი ფრენების მიმართულებით.
„პარტნიორობასა და ამ საკითხების განხილვაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა – სუვერენიტეტის, სარწმუნოების ხარჯზე", - აღნიშნა მაჭარაშვილმა. მისი თქმით, 30 წლის მანძილზე აშშ-ს მსგავსი წინადადების გაკეთება ნებისმიერ დროს შეეძლო.
„საქართველო ამის ღირსი აქამდეც ნამდვილად იყო. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული", - განაცხადა დეპუტატმა.
პარტია „ხალხის ძალამ“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასულმა დეპუტატებმა შექმნეს, მანამდე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ავიარეისები და არც უვიზო რეჟიმი. აღნიშნული თემა მოგვიანებით მმართველმა პარტიამ, მათ შორის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აიტაცა.
აშშ-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუწია 6 მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის დახმარება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, თანხის უმეტესი ნაწილი არასამთავრობო სექტორზე მიდიოდა.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.