თბილისი, 21 მაისი — Sputnik. აშშ-მ, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს არ უნდა ელაპარაკოს შანტაჟისა და მუქარის ენით - ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივაზე კომენტარისას.
ამერიკელი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, აშშ განახორციელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და გახსნის თავის ბაზარს საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დემოკრატიის განმტკიცებაში აჩვენებს პროგრესს. იმ შემთხვევვაში, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიიღებენ, პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა Politiko-მ გაავრცელა.
„აბსოლუტურად მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით არ უნდა ელაპარაკო. თუმცა, ერთი რამ ცხადია: როცა შენი ქვეყნისთვის რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებ და მეორე მხრივ გესმის შანტაჟის შემცველი განცხადებები, მუქარა, რომ პოლიტიკოსები სანქციებს დაექვემდებარებიან, რის გამო?", - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივნისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ ქართველი პოლიტიკოსები.
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი იღებს კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო უნდა დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მმართველი პარტია აპირებს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.