თბილისი, 21 მაისი— Sputnik. საქართველოში გრიპის ვირუსის სიმპტომებით დაავადებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით კლინიკებში მიმართვიანობა კვლავ მაღალია და საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი, სრულად დაკავებულია.
„მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, ეს არის ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ზემო სასუნთქი გზების მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები. სტაციონარებში მიმართვიანობა უჩვეულოდ მაღალია მაისის თვესთან მიმართებაში“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გახანგრძლივებას ამინდის ცვალებადობამაც ხელი შეუწყო ხელი. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები ერთეული იქნება, ან საერთოდ არ იქნება, მაგრამ გვახსოვს 2022-2023 წლები, როდესაც ივნისშიც ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება. იმედი გვაქვს, მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება, ზაფხული წყნარი იქნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის“, - განაცხადა მან.
ამ დროისთვის საქართველოში, ძირითადად, А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ინფექციონისტები შემთხვევების კლებას მარტის ბოლოს ვარაუდობენ, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმისთვის დროულად მიმართვა, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ რისკ-ჯგუფში შემავალმა პირებმა.
საქართველოში ძირითადად გვხვდება H1N1 და H1N3 ვირუსები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, სისუსტე. ვირუსი ძირთადად ბავშვებში ცირკულირებს.
მთავარი რეკომენდაციები დაავადების დროს არის სხეულის ტემპერატურის კონტროლი, ბევრი სითხის მიღება და გართულების დროს ექიმთან ვიზიტი.