თბილისი, 20 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორთა მთავარი მიზანი და ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
„აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების. მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა. მთავარი მიზანი, დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს რუსეთის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.
„მათ ამას ვერ მიაღწიეს 2022 წელს, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ამის იმედი არ დაუკარგავთ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რას ნიშნავს უკრაინის ბედის გაზიარება და რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში", - განაცხადა პრემიერმა.
უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, პირველ წელს ჰქონდათ 30%-იანი ეკონომიკური ვარდნა, რაც კობახიძის თქმით, სრულ კატასტროფას ნიშნავს. ამასთან, ინფრასტრუქტურა განადგურებულია და რუსეთი აკონტროლებს 2,5-ჯერ მეტ ტერიტორიას, ვიდრე კონფლიქტის დაწყების მომენტისთვის, აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ომის ფონზე უკრაინაში ხელს ითბობენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, ყვავის კორუფცია, ხოლო არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დემოკრატიის ცნებასთან, გაუქმებულია, დასძინა პოლიტიკოსმა.
„ამ ყველაფრის შურთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა მარტო შურთ, მათ სურთ, ეს ყველაფერი იხილონ საქართველოში, მათ სურთ, საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ", - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„ფაქტია, მათ იმედი არ დაუკარგავთ და მათ მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის შეფასებით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ხელისუფლებას დაეხმარება იმაში, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სიმშვიდე, რაც ასე სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.