პაპუაშვილი: ოპოზიციის მიერ პარლამენტის მუშაობაზე ბოიკოტი არის ბოიკოტი ამომრჩევლისადმი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ფორმით ოპოზიციონერი დეპუტატები უბრალოდ გაურბიან პასუხისმგებლობას.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე ბოიკოტი სხვა არაფერია, თუ არა საკანონმდებლო ორგანოსა და ამომრჩევლებისადმი ბოიკოტი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ლელომ", „ევროოპტიმისტებმა" დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ ჩარკვიანმა, სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ განაცხადეს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არასერიოზულია ბოიკოტი იმის გამო, რომ შენ არ მოგწონს ან არ გაწყობს გვერდით მჯდომი და ამიტომ არ გინდა მასთან ერთად ერთი ჰაერი ისუნთქო.
„ეს არის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისთვის, საკუთარი ამომრჩევლებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ბიუროს სხდომაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, დეპუტატებმა უნდა მიუთითონ, კერძოდ, რა საკითხში აცხადებენ ბოიკოტს. მისი თქმით, ამ ფორმით ოპოზიციონერი დეპუტატები უბრალოდ გაურბიან პასუხისმგებლობას.
„ბოიკოტი არ არის მიღებული პრაქტიკა სხვა პარლამენტებში, თუმცა, ჩვენთან რეგლამენტით გათვალისწინებულია. რეგლამენტში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრი თუ მთლიანად ფრაქცია პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებს ბოიკოტს. ანუ, რაღაც საკითხია და პოლიტიკური მოსაზრებებით ფიქრობს, რომ განხილვაში არ სურს მონაწილეობის მიღება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტშიი არაერთ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ამომრჩეველთა უმეტესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„როდესაც დეპუტატს არ სურს ამ საკითხების განხილვაში მონაწილეობა, გამოდის, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის მას არ სურს სიკეთე და კარგი გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბიუროს ოპოზიციის ფრთიდან მხოლოდ პარტია „გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ესწრებოდა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო. პაპუაშვილის თქმით, მმართველი პარტია მას დაძლევს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.