თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი და დელეგაციის სხვა წევრები, რომლებიც აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ თეირანში ბრუნდებოდნენ, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.
„საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო, ჩვენი ფიქრები ახლა ირანელ ხალხთანაა“, - დაწერა მთავრობის მეთაურმა.
ვერტმფრენის ბორტზე ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, იმყოფებოდნენ თავრიზის იმამი მოჰამად ალი ალ-ჰაშემი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის ხელმძღვანელი მალეკ რაჰმატი, ვერტმფრენის ეკიპაჟი და უსაფრთხოების ერთი ოფიცერი.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობებს არჩევნების ჩატარებამდე შეასრულებს რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი - პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზება 50 დღის ვადაში უნდა მოხდეს. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.