დეპუტატი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო პოლიტიკური სიჯიუტეა

ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, იმიტომ, რომ ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი, განაცხადა ქადაგიშვილმა
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენილი კანონი სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია, ვეტო კი მხოლოდ პოლიტიკური სიჯიუტეა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს.
„კანონპროექტი სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია და აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. პრეამბულაში, წერილში მითითებულია, რომ იგი რუსულია და ა.შ. სხვა ცვლილებები ამ კანონპროექტში არ შეტანილა. ამდენად, ეს არის ვეტო ვეტოს გულისთვის, ანუ ეს არის პოლიტიკური სიჯიუტის საკითხი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ კანონპროექტში ერთი სიტყვაც კი არ შეცვალა.
„ბოლო პუნქტია დამატებული, ერთი წინადადება, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე. მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა", -განაცხადა დეპუტატმა.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ქადაგიშვილის თქმით, იგი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, რის შემდეგაც მმართველი პარტია მის სამართლებრივ მხარეზე იმსჯელებს.
არ მინდა წინასწარ შევიქმნათ რაიმე მოლოდინი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ იქნება თუნდაც ერთი საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ. ვეტო ნებისმიერ შემთხვევაში დაიძლევა, რადგანაც ვეტოში გასათვალისწინებელი არაფერია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, პროცესი პარლამენტში წარიმართება ისე, როგორც ადრე მიმდინარეობდა.
„ოპოზიცია თუ მოვა, იყვირებენ, რომ კანონი რუსულია. ჩვენ გავაგრძელებთ საკანონმდებლო საქმიანობას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.