სანთლები და ცაში გაშვებული ბუშტები: შიდსის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

საქართველოში პატივი მიაგეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მილიონს გადააჭარბა
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წელს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 19 მაისს აღინიშნება - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ-ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.
„2024 წელს მსოფლიო დევიზით „გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით!" აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გავაგრძელოთ ის ქმედებები, რომელიც მიმართულია აივ-ინფიცირებული პაციენტების კეთილდღეობისათვის, კერძოდ, აქტიურად გავაგრძლეოთ აივ/შიდსის პრევენცია, მკურნალობა და დავეხმაროთ მათ აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში”, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ეს დღე უკვე 28-ე წელია აღინიშნება. 2024 წლის 19 მაისის მონაცემებით, ცენტრში რეგისტრირებულია 10.608 აივ-ინფიცირებული პირი, მათგან 7.945 – მამაკაცი და 2.663 – ქალია. სულ გარდაიცვალა 2.263 პაციენტი.
საქართველოში შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.