მსოფლიო დღეს

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ჩამოვარდა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Press TV-ზე დაყრდნობით.
„გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა, ირანის ჩრდილო-დასავლეთში ჩამოვარდა“, - ნათქვამია ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენმა უხეში დაშვება განახორციელა. შემთხვევა თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში, ქალაქ ჯულფასთან ახლოს მოხდა.
ირანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის კორტეჟში სამი ვერტმფრენი იყო.
„ორმა ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც რამდენიმე მინისტრი და ოფიციალური პირი იმყოფებოდა, დანიშნულების ადგილამდე უსაფრთოდ მიაღწია", - წერს ირანული მედია.
ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა, ხელს უამინდობა უშლით.
სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი. შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია არმია, პოლიცია და ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლები.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც უკან - ირანში ბრუნდებოდა.