დიპმისიები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღებებს გამართავენ

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მთავრობა დაახლოებით 2 მილიონ დოლარს გამოყოფს
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს დიპლომატიური მისიები უცხოეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებებს მათთვის ხელსაყრელ დროს გამართავენ, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის ეთერში გავრცელდება ინფორმაცია, თითქოს წელს საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება.
„როგორც წესი, ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა უშუალოდ სადღესასწაულო თარიღზე ვერ ხერხდება და ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში - როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, ასევე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. განსაკუთრებით, ეს ეხება საელჩოს სახელით გამართულ მიღებას, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა ფაქტორი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 70-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობიდან 30-მდე საელჩოს დაგეგმილი აქვს მიღების გამართვა მაისის მეორე ნახევარში/ივნისის დასაწყისში, ნაწილს ივნისის შუა რიცხვებში, ზოგიერთს - ივნისის ბოლოსაც კი.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 5,3 მილიონ ლარს გამოყოფს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა
ამ დღეს ღონისძიებების ძირითადი ნაწილი, როგორც წესი, თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში იმართება სხვადასხვა კონცერტები და თეატრალური შოუები. დილით თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია იმართება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.