თბილისი, 18 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის დიალოგისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტო ამისთვის იდეალური შესაძლებლობა იქნება, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო სკანდალური კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა დღეს ვეტო დაადო კანონს და ის პარლამენტს დაუბრუნა.
„ყველამ თქვა, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ, ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები, თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია ისეთი ტერმინოლოგია თუ გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს, თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს, დააწყნარებს და იმას მიაღებინებს, რაც მისაღებია, მე მგონი, ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავდროულად, საქართველოში გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.
Премьер-министр готов на дискуссию с молодежью на тему закона об "иноагентах">>
„ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებაც და ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელებაც, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. ეს არაერთხელ მითქვამს, ყოველთვის ვამბობ, რომ აუცილებელია სიტუაციის დამშვიდება. ვფიქრობ, პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეიძლება იყოს ამ აქციებზე, მაგრამ იქ არის ძალიან ბევრი აპოლიტიკური ახალგაზრდა, ჩვენი გულანთებული ახალგაზრდა თაობა. მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე დაგმო ძალადობა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მაგრამ აღნიშნა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ არ უნდა ისაუბროს იმაზე, რასაც თავადაც აკეთებდა.
„ვგმობ ძალადობას და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან ცალკეულ ინციდენტებზე და ფაქტებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მჯერა, გამოძიებული იქნება ყველა ძალადობრივი ფაქტი, არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება, რომელი ძალა გველაპარაკება, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროტესტების პერიოდში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის ლიდერები. ყველა ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ დროისთვის ძალადობის ფაქტზე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.