დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალი წარედგინა: საქმის ახალი დეტალები

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირს, რომელმაც გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 23 წლის მამაკაცი დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
„აღნიშნულის გამო 16 მაისს ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად 29 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.