პრემიერი მზად არის ახალგაზრდებთან დისკუსიისთვის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თემაზე

საპროტესტო აქციებზე ძალადობის დონის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ეს კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ევროინტეგრაციას, მიაჩნია პრემიერ-მინისტრს.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს, რომლებიც 15 აპრილიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, საჯარო დისკუსია შესთავაზა.
თბილისში 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
„თუ ადამიანი დარწმუნდება, რომ არასწორად ფიქრობდა, აღიარება და პოზიციის შეცვლაც უნდა შეეძლოს, რაც ადამიანის არა სისუსტეზე, არამედ სწორედ ღირსებაზე მეტყველებს. ვფიქრობ, ჩამცხრალი ემოციების ფონზე, არსებობს უკეთესი შესაძლებლობა იმისა, რომ გაიმართოს ჯანსაღი დისკუსია კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე შესთავაზა აქციის მონაწილეებს, დისკუსიას დაასწრონ 2-3 „არაახალგაზრდაც“, რომელსაც ახალგაზრდობა ავტორიტეტულ ექსპერტად მიიჩნევს.
„იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - წერს კობახიძე.
მან ყველა „გულწრფელ თანამოქალაქეს“ ძალადობის ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირებისთვის მადლობა გადაუხადა და ძალადობის ორგანიზებაში არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი დაადანაშაულა.
„აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძალადობაზე უარის თქმა ამ ადამიანების გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ ძალადობის შემცირება იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც აქციებში არა პოლიტიკური მოტივით მონაწილეობდნენ, არამედ რომლებმაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ კანონს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის დაბრკოლება შეიძლებოდა შეექმნა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, კანონთან დაკავშირებული ემოციები უკვე ჩაცხრა.
„ბევრმა ადამიანმა, რომელიც მანამდე სხვაგვარად ფიქრობდა, უკვე გაიაზრა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სინამდვილეში, სულაც არ არის რუსული. გარე შანტაჟის მიუხედავად, ბევრმა ისიც გაიაზრა, რომ ეს კანონი არც საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველომ თავისი ქმედებებით დაამტკიცა, როდესაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, რომ შეუძლია ევროინტეგრაციისკენ სვლა, მიუხედავად შანტაჟისა და მუქარისა, მათ შორის სანქციებთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და სხვა საკითხების გამო.
„თუ მომავალშიც ასეთივე ღირსებას ვაჩვენებთ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს ყველა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი კანონპროექტის განხილვის პროცესის განმავლობაში სრულიად ღია იყო დისკუსიისთვის. ხელისუფლებამ შესთავაზა ღია დისკუსია ელჩებსაც, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს, მაგრამ უარი მიიღო.
„ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები, სინამდვილეში, არ არსებობს და ჩვენს ოპონენტებს ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, „ენჯეოების“ ფინანსების შესახებ ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობას რამენაირად დაუმალონ“, - განაცხადა კობახიძემ.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.