პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 13 მაისს დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ამას მტკიცებულებები ამყარებს.
გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ოკმელაშვილის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა.
სასამართლოზე ოკმელაშვილი ამტკიცებდა, რომ პოლიციის არაპროპორციული ძალისგან საკუთარ თავს და აქციის სხვა მონაწილეებსაც იცავდა. დაცვის მხარე 20.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. ამასთან, ადვოკატი, პატიმრობის სანაცვლოდ სასამართლოს დაკავებულის მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებების, თუნდაც, ელექტრონული მონიტორინგის გამოყენებას სთავაზობდა.
თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მას პატიმრობა შეუფარდა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე წინასწარი მოსმენა 4 ივლისს ჩაინიშნა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ამავდროულად, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არსებობს ცვლილებების განხორციელების შანსი, თუ ვეტოს, რომლის დადებასაც პრეზიდენტი გეგმავს კანონპროექტზე, უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული სამართლებრივი შენიშვნები დაერთვება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.