პაპუაშვილი: ოჯახის სიწმინდე ქართული სახელმწიფოს საფუძველია

ამაში მდგომარეობს ქართული იდენტობა, აღნიშნა პოლიტიკოსმა
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ოჯახის სიწმინდე ქართული სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია. წელს 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.
„ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის“, - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ქართულმა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები.
„ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც მამა-პაპათაგან გადმოგვეცა და ჩვენც ათასწლეულები სიამაყით ვატარებთ. ეს არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას დღესასწაული მიულოცა და უსურვა მშვიდობა გულებში, ოჯახებში და სამშობლოში.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.