თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ეკლესია გულისტკივილით აკვირდებოდა საქართველოში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, რომელიც უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან - ნებისმიერი უთანხმოება შეიძლება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, თუ არის სიყვარული, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა.
თბილისში 15 აპრილიდან თითქმის ყოველდღე სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციებს ახლავს პოლიციასთან შეტაკებები და რამდენჯერმე ისინი ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ასევე დასავლეთი.
„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას... მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა წარმოქმნას. იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ ღვთის მადლიც მოქმედებს და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად“, - განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფემ მაგალითად მოიყვანა ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი. მისი სიტყვებით, მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი, დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნაც არ არის, მაშინ პატარა მიზეზმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. აი, ამიტომ სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მეუფის თქმით, ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, მრევლი, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რაც ეკლესიის გულისტკივილს იწვევს.
„ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს, ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.
ოჯახის სიწმინდის დღე
© photo: Sputnik / Stringer
დასასრულს მეუფემ აღნიშნა, რომ სიყვარულის მთავარი სკოლა სწორედ ოჯახია.
„ადამიანი სიყვარულს ოჯახში უნდა სწავლობდეს და სიყვარულში იზრდებოდეს, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ, ეს არის დღეს ჩვენი შეკრების და ჩვენი ლოცვითი მსვლელობის მიზანი“, - აღნიშნა მან.
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 10 წლის წინ დაარსებული ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირბულ მსვლელობებში საქართველოს მასშტაბით ათასობით მორწმუნე მონაწილეობს.
ოჯახის სიწმინდის დღე
© photo: Sputnik / Stringer
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებმა მსვლელობა მოაწყვეს ქვეყნის 25 ქალაქში, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში და ა.შ.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.