თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
საზეიმო მსვლელობები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიცაა დაგეგმილი. წელს 17 მაისი ოფიციალური უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება ქალაქ მცხეთაშიც.
„12:00 საათზე თეატრონის ტერიტორიაზე მცხეთის მუნიციპალიტეტიდან შეკრებილი მოსახლეობა გამართავს მსვლელობას სვეტიცხოვლის ტაძრისკენ და 13:00 საათზე სამღვდელოება გადაიხდის სავედრებელ პარაკლისს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, 12:00 საათზე, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოში შეიკრიბება მრევლი. შეკრებილები მოაწყობენ მსვლელობას ზუბალაშვილის ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გავლით და ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან (იუნკერთა საფლავი) სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო მსვლელობა მოეწყობა ქუთაისშიც.
„12:00 საათზე წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან (ქუთაისის ცენტრალური მოედანი) შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, სადაც შესრულდება სამშვიდობო პარაკლისი“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ამასთან, ქალაქ რუსთავშიც 09:00 საათზე გაიმართება ლოცვითი მსვლელობა გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლამდე, საიდანაც მონაწილეები ავტობუსებით შეუერთდებიან თბილისში, ქაშვეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას..
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.