თბილისი, 16 მაისი — Sputnik. წელს შშმ პირებისთვის გადაცემული საკურორტო ვაუჩერების რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერით ფინანსდება, რამდენიმე წელია ახორციელებს.
„თბილისის მერია ყოველ წელს ზრდის გაცემული ვაუჩერების რაოდენობას და თუ გასულ წელს 2.500 ვაუჩერი გაიცა, მიმდინარე წელს მათმა რაოდენობამ 3.000-ს გადააჭარბა. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება ჩვენი თანადგომა და ეს თანადგომა გაგრძელდება ყოველთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კალაძის თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური წლიდან წლამდე ზრდიდა ვაუჩერის ღირებულებას და დღეისთვის ერთ საკურორტო ვაუჩერს 800 ლარით აფინანსებს.
„ადრე მუნიციპალიტეტი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ რომელი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, დღეს კი ვაუჩერის მეპატრონე თავად ირჩევს, თუ რომელ სასტუმროში განთავსდეს. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება 1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა თავისუფლად შეუძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროგრამით მოსარგებლეზე ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ვაუჩერი გაიცემა, დასვენება სულ მცირე 6 დღე-ღამის ვადით არის განსაზღვრული.
საკურორტო ვაუჩერის მფლობელები მის გამოყენებას 1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.