„ჩარევა ქართულ პოლიტიკაში“ – რეაქცია აქციაში ევროპელი პოლიტიკოსების მონაწილეობაზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების გამოჩენა და მათი მოწოდებები ქართულ პოლიტიკაში უცხო ძალის მონაწილეობის ნათელი მაგალითია, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პაველ ფიშერმა (ჩხეთი), ბოგდან კლიხიმ (პოლონეთი), მიხაელ როთიმ (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისმა (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენმა (ფინეთი) აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და შეკრებილთ სიტყვით მიმართეს. მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.
„ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. როდესაც თქვენ გვეკითხებით თუ საიდან მოგვაქვს, რომ უცხოური ძალა ერევა ქართულ პოლიტიკაში - აი, ბატონებო! ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ, პირდაპირ ჩაერთნენ რადიკალურ პროცესებში, ავიდნენ სცენაზე და მოსახლეობას მოუწოდეს არ დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ქართველი ხალხისა და მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
თბილისში ვიზიტით მყოფმა მიხაელ როთმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის". მან ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.
„ვიცით, ნამდვილი ევროპა რას ნიშნავს, მაგრამ არსებობენ უცხოური ძალები, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას. სამწუხაროდ, ბატონმა როთმა ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლურ ეკლესიას, ქართველ ხალხს. მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი და მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, როთის მხრიდან მართლმადიდებლობის დაცინვა ნამდვილი თავხედობაა.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების მიზანი საქართველოსთვის ზიანის მიყენება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებაა.
„ჩვენ ვიცით მათი ხელწერა, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ, ლობისტური კამპანიის დახმარებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ასიამოვნონ სპონსორს - „ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ზარქუამ.
ევროპის ქვეყნების პარლამენტების დეპუტატებს არ სურთ რევოლუცია, უბრალოდ არ ესმით საქართველოს შიდა პოლიტიკის, აცხადებს ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგები სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ არასრულ ინფორმაციას აწვდიან.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.