თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ქართული ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ მომსახურებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომაც ქვეყანას შეუძლია გახდეს რეგიონალური ფინტექ-ჰაბი, განაცხადა საქართველოს ფინტექ-ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიუების განვითარებაზე, რაც დასტურდება რიგი წარმატებული ნაბიჯებით ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციისა და ფინტექ-ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, როგორიცაა ღია ბანკინგი, ციფრული ლარი, მარეგულირებელი ლაბორატორია და სხვა. გარდა ამისა, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუდმივად იმართება საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით.
„ქართული ბაზარი თანდათან რეგიონულ ცენტრად გარდაიქმნება. აქ ინფრასტრუქტურა ძალიან კარგია, არის ყველა ის რესურსი, რაც სჭირდება ფინტექ-კომპანიებს და შესაბამისად, ამ სფეროსთვის საქართველოში იდეალური სასათბურე პირობებია. სწორედ ამიტომ, ქართული ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ფინტექის მიმართულებით“, - განაცხადა კიკვიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში.
მისი თქმით, 2023 წელს საქართველოს ბაზარზე ხუთი ფინტექ-კომპანია შემოვიდა და რამდენიმე კომპანიამ დაინტერესება გამოხატა.
მისი თქმით, დარგის განვითარებას საქართველოშიც აქვს დაბრკოლებები, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა მცირე ბაზარს წარმოადგენს და ამიტომაც შეიძლება ბევრისთვის ნაკლებად მიმზიდველი იყოს.
გასულ კვირაში საქართველოს ეროვნული ბანკი და სინგაპურული ორგანიზაცია Elevand-ი ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და Elevand-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს ხელი აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მოაწერეს.
აღიარებენ რა საქართველოს პოტენციალს „შუა დერეფანში“, მხარეები განიხილავენ ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოს, როგორც რეგიონული ფინტექ-ჰაბის მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით ორგანიზაცია თანახმაა მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ფინტექ-ეკოსისტემის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, 2023 წელს ეროვნული ბანკის დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში Singapore FinTech Festival 2023.
სინგაპურის ფინტექ-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ-გამოფენაა. გამოფენა ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.