თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ლიეტუვისა და გერმანიის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარის გამოჩენამ საქართველოში უცხოური გავლენის უარყოფითი მხარე დაამტკიცა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და შეკრებილთ სიტყვით მიმართეს.
„ჩვენ გუშინ ვიხილეთ უცხოელი აქტორები, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოებისგან“ ორგანიზებულ ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიოდნენ სიტყვით. უცხოელი გამოდის ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელიც მის მიერ დაფინანსებული „ენჯეოსგან“ არის დაფინანსებული. მთელი წრე შეკრულია უცხოური გავლენის ცუდი მხარისა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.