თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მსოფლიოს 23 წლამდე ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა.
სიას ერლინგ ჰალანდი ლიდერობს, რომელმაც, ასაკის მიუხედავად, ფენომენალური შედეგი დააფიქსირა – „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა პროფესიულ ფეხბურთში 252 გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი ვინისიუს ჯუნიორია, რომლის ანგარიშზეც კარიერაში 100 გოლია, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ მოთამაშის, ფილ ფოდენის მონაგარი 89 ზუსტი დარტყმაა.
ინგლისელს ოდნავ ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა მიქაუტაძე 82 გატანილი გოლით.
„მეფე ჟორჟმა“ (როგორც ფეხბურთელს საფრანგეთში ეძახიან) პროფესიულ დონეზე თამაში 2019 წელს „მეცში“ დაიწყო, მაგრამ რეალურად სათამაშო პრაქტიკა 2020–2022 წლებში „სერენში“ მიიღო, სადაც ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო გასულ სეზონში იგივე ჯილდო საფრანგეთის ლიგა2-ში გამოსვლით დაიმსახურა – პლუს საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
ერთადერთი გუნდი მის კარიერაში „აიაქსია“, სადაც ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა და გოლი არ გაუტანია. მაგრამ „მეცში“ დაბრუნებულმა იანვრის შემდეგ 11 გოლი გაიტანა (მანამდე 2 გოლი იყო მის ანგარიშზე) და ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
23 წლამდე ბომბარდირთა ტოპ-10
1.
ერლინგ ჰაალანდი, „მანჩესტერ სიტი" - 252 (23 წლის)2.
ვინისიუს ჯუნიორი, „რეალი" - 100 (23)3.
ფილ ფოდენი, „მანჩესტერ სიტი" - 89 (23)4.
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი" - 82 (23)5.
დომინიკ სობოსლაი, „ლივერპული" - 81 (23)6.
ბენჯამინ სესკო, „ლაიფციგი" - 79 (20)7.
როდრიგო, „მანჩესტერ სიტი" - 76 (23)8.
იური ალბერტო, „კორინტიანსი" - 75 (23)9.
სანტიაგო ხიმენესი, „ფეიენოორდი" - 74 (23)10.
ტის დალინგა, „ტულუზა" - 74 (23)მიმდინარე სეზონზე მიქაუტაძემ 18 მატჩი ითამაშა, 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.
მიქაუტაძე ლიონში დაიბადა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 23 მატჩში 9 გოლი მის ანგარიშზეა.