თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-აპრილში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31% და 34%-ით გაიზარდა, იუწყება გამოცემა „კომერსანტი" თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
TAV Georgia-ს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ოთხ თვეში თბილისის აეროპორტი მოემსახურა 1,3 მილიონამდე მგზავრს, ბათუმის აეროპორტი კი 162,6 ათას მგზავრს.
რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის აპრილში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 39%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტი კი 364,4 ათას მგზავრს მოემსახურა.
წინა თვეში ბათუმის აეროპორტით ისარგებლა 59,4 ათასმა მგზავრმა, რაც 2023 წლის აპრილის მაჩვენებლზე 35%-ით მეტია.
თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილიკომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.