პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს: რექტორების ერთობლივი განცხადება

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი შეუერთდა
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს და პროფესორებმა არ უნდა ჩაშალონ მეცადინეობები, ნათქვამია საქართველოს 38 წამყვანი უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებაში.
ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების გამო გაფიცვა გამოაცხადა და საპროტესტო აქციებს შეუერთდა, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება.
„ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რექტორების განმარტებით, აკადემიური პერსონალის ცალკეული წარმომადგენლები უარს აცხადებენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე და ხელს უშლიან სასწავლო პროცესს.
„ეს არღვევს სტუდენტების კონსტიტუციურ უფლებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
უნივერსიტეტების რექტორების განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი გრძელდება.
„მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს", - ნათქვამია განცხადებაში.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.