თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მის გაუქმებამდე იმოქმედებს.
„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა", - ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მომიტინგეების ნაწილმა შენობის წინ განთავსებული რკინის დამცავი კონსტრუქციები დააზიანა, ნაწილი კი მასზე ასვლას ცდილობდა. ამ დროისთვის საპოლიციო ძალებმა ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, მიმდინარეობს დაკავებები.