პარლამენტის შენობაში 15 მაისის 09:30 საათიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 15 მაისის 09:30 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მომიტინგეების ნაწილმა შენობის წინ განთავსებული რკინის დამცავი კონსტრუქციები დააზიანა, ნაწილი კი მასზე ასვლას ცდილობდა. საპოლიციო ძალებმა ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
14 მაისის 17:00 საათიდან პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა.