იოსელიანი: ამ დროისთვის აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა არ დგას

საკანონმდებლო ორგანოსთან არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ამჟამად ვერ ხედავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების აუცილებლობას.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი პროტესტის საზღვრებს გასცდნენ და პარლამენტის წინ განთავსებული რკინის დამცავი კონსტრუქციების დაზიანება დაიწყეს, საპოლიციო ძალებმა თავად პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს და აქციის მონაწილეებს აიძულეს, რომ სასტუმრო „თბილისი მარიოტისკენ“ გადაენაცვლათ. პარლამენტთან მისასვლელი ასევე გადაკეტილია სავაჭრო ცენტრ „თბილისი გალერის“ მხრიდანაც.
„14 მაისის 17:15 საათისთვის შსს-ს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
საკანონმდებლო ორგანოსთან არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შემდეგ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ლელო საქართველოსთვის" - პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია რვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება მაშინ, როცა პარტიამ „საქართველოსთვის“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა, პარლამენტს მისი დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შესთავაზა წარმოადგინოს ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, რათა კანონპროექტში ცვლილებები შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს. პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გაკეთილშობილების მიზნით“.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.