რატომ დაიგვიანა ოპოზიციამ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე?

თავად ოპოზიციამ ვერ განსაზღვრა დრო, ახლა კი ყოველლ წამს ითვლიან, რომელიც კანონპროექტის მიღებას დასჭირდა, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ვიდრე ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტების წინაშე პოზირებდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით რამდენიმე წუთში მიიღო.
„სანამ ესენი [ოპოზიცია] ჟურნალისტებთან პოზირებდნენ, კომიტეტის სხდომაზე დააგვიანეს. მათგან არც ერთი აღარ ვარგა მგონი ოპოზიციონერად. ღამე გაათენებინეს რამდენიმე ათას ადამიანს და შენობაში შესულებმა თვითონ დააგვიანეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. თავიანთი ხალხი მართლა გააგიჟეს", - განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, თავად ოპოზიციამ ვერ განსაზღვრა დრო, ახლა კი ყოველლ წამს ითვლიან, რომელიც კანონპროექტის მიღებას დასჭირდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კომიტეტის სხდომა ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა.
„ნაჩქარევად არაფერი იყო, ყველაფერი პროცედურის გათვალისწინებით ჩატარდა. რომელი პროცედურა დაირღვა? ვინმეს კითხვა დაებადა და მისი დასმის შესაძლებლობა არ მიეცა? არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ აზრს, მათ შორის კრიტიკულს", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანონის მიღება პროცედურული დარღვევებით მოხდა. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
„დღეს კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა - ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა", - განაცხადა სამადაშვილმა.
„ევროოპტიმისტების" წევრმა ხატია დეკანოიძემ სხდომაზე დაგვიანებაში სამართალდამცველები დაადანაშაულა, რომლებმაც იგი პარლამენტის შენობაში დროულად არ შეუშვეს.
„ეს იყო წარმოუდგენლად სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.