თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმ დრომდე გამოვლენ, ვიდრე მათ უცხოეთიდან საპირისპიროს არ ეტყვიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია სკანდალურ კანონპროექტში ზოგიერთი ცვლილების შეტანის თაობაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებს საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. შესაბამის განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ისინი რის წინააღმდეგაც გინდათ გამოვლენ, ვიდრე უცხო ქვეყნები, რომლებიც ამ კანონზე დეზინფორმაციის კამპანიას უწყობენ ხელს, მათ არ ეტყვიან, რას თანხმდებიან და რას არ თანხმდებიან. ისინი მხოლოდ გარე კარნახით მოქმედებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციური პარტიები თუ სხვა ჯგუფები ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას იცოდნენ, რაში იხარჯება უცხოური ფული.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ორშაბათს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენა მოხდება და მასში რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება.
„რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე განხილვას, იგი სამშაბათს გაიმართება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უკვე ცნობილია.
„რატომღაც, ბოლო დროს უცხოელმა აქტორებმა დაიწყეს საუბარი იმის თაობაზე, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ შენიშვნები ან რეკომენდაციები. ვნახოთ, ჯერჯერობით, არაფერი გვსმენია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული საზოგადოების განწყობა 29 აპრილს გამოიკვეთა, როდესაც რუსთაველის გამზირზე კანონპროექტისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ქართველი ხალხი მხარს უჭერს იმას, რომ მისი უფლებაა იცოდეს რაში იხარჯება უცხოური ფული. მე ვსაუბრობ ქართველი ხალხის სახელით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.