თბილისი, 12 მაისი - Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში უცხოელებმა მთლიანობაში 2,2 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი საკვებზე, სასმელსა და განთავსებაზე დაიხარჯა.
უცხოელების ხარჯები საქართველოში
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ დოლარი | წილი, % |
განთავსება | 589,6 | 27,3 |
საკვები და სასმელი | 523,6 | 24,2 |
საყიდლები | 434,2 | 20,1 |
გართობა | 390,2 | 18,0 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 205,7 | 9,5 |
სხვა | 19,9 | 0,9 |
რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1,3 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7,6%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 1,2 მლნ შეადგინა, რაც 8,6%-ით მეტია 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზანი იყო დასვენება, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, ასევე საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ტრანზიტი.
პირველ კვარტალში ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,5 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა – 187,1 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 19,5%-ია. შემდეგ მოდის რუსეთი (წილი 19,2% ) და სომხეთი (14,5%). თურქეთიდან უცხოელებმა 254,6 ათასი ვიზიტი შეასრულეს, რუსეთიდან – 215,5 ათასი, სომხეთიდან – 191,8 ათასი ვიზიტი.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლრდ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.