კობახიძე: „ქართული ოცნება" ისაუბრებს მათთან, ვინც ზურაბიშვილს ვეტოს უწერს

პრემიერის თქმით, თუ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები, მაშინ მმართველი პარტია ღიაა განხილვისთვის.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთვის მოტივირებული შენიშვნები უნდა დაწერონ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ორშაბათს, 13 მაისს მიუბრუნდება. კანონპროექტი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში მასობრივი პროტესტის საფუძველი გახდა, დეპუტატებმა მეორე მოსმენით 1 მაისს მიიღეს.
„ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, მას წერენ ან არასამთავრობო ორგანიზაციები, ან გარე ძალები, რაც ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება კანონპროექტს, პრემიერის თქმით, თუ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები, მაშინ მმართველი პარტია ღიაა განხილვისთვის.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით არ შესულა არც ერთი კონკრეტული, საფუძვლიანი შენიშვნა.
„პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთოს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.