პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო რეფორმის ახალ ნაბიჯს დაუჭირა მხარი

სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარება ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასამართლო რეფორმის მომდევნო ნაბიჯს, რომელიც მოსამართლეთა არჩევის ახალი წესების შემოღებას გულისხმობს.
სასამართლო სისტემაში რეფორმის გატარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით ყველა ცვლილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ-ერთი განსაზღვრული მოთხოვნა (სპეციალობაში სულ მცირე 5-წლიანი სამუშაო სტაჟის არსებობა) შეიცვალა 10 წლიანი ვადით.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საბჭოს წევრები ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას აპელაციის შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და საქართველოს იუსტიციის უზენაეს საბჭოში განმეორებითი წარდგინებების მიღებისას.
ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხებს. კერძოდ, დაზუსტებულია მოსამართლის მივლინების საფუძვლების შინაარსი და მოსამართლის მივლინების გახანგრძლივების მაქსიმალური ვადა ორი წლიდან ერთ წლამდე მცირდება.
ამასთან, პროექტი აზუსტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. კერძოდ, კანონში მკაფიოდ არის გაწერილი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს ისეთი გარემოებების არსებობა, რამაც გამოიწვია მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების აუცილებლობა ან მისი თანხმობის გარეშე მივლინების ვადის გახანგრძლივება.
გარდა ამისა, გამკაცრდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე-წევრის არჩევის აკრძალვა ნებისმიერ სამთვიან ვადაში და აღნიშნული ვადა გაიზარდა ექვს თვემდე. ამასთან, დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტს არ შეუძლია პარლამენტის ერთ სესიაზე აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი წევრი.
ცვლილებებით დაზუსტდა ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი - მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა.