„ქართული ოცნების“ დეპუტატს შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ

დეპუტატმა თქვა, რომ დამკვეთს პროტესტის ლიდერებიდან თავად აირჩევს, თუ მუქარის მომწერს არ მიუყვანენ.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის წევრმა დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა, რომ შვილის ლიკვიდაციით დაემუქრნენ.
ის მუქარაში ადანაშაულებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციის რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ნინო ლომჯარიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ეკა გიგაურსა და ნიკა გვარამიას.
მისი თქმით, მის შვილს ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
დეპუტატმა თქვა, რომ დამკვეთს პროტესტის ლიდერებიდან თავად აირჩევს, თუ მუქარის მომწერს არ მიუყვანენ.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობდა მუქარებზე იმ ადამიანებისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ, ვინც პროტესტს არ ეთანხმება.
დეპუტატმა მუქარაში პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია ამ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიაწოდა.
„ოპოზიციის საერთო „ჩატებში“ რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩ“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო!“ - განაცხადა სამხარაძემ თავის წყაროზე დაყრდნობით.
„ქართული ოცნება“ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გადაწყვიტა შექმნას ვებგვერდი იმ პირთა მონაცემთა ბაზით, ვინც მხილებულია ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში, ასევე საჯაროდ უჭერს მხარს მსგავს ქმედებს. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, რადგან ამ ადამიანებს არ რცხვენიათ საჯარო შანტაჟის, ზეწოლის და იმ ადამიანების ბულინგის, ვინც მათ მხარს არ უჭერს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ისინი.
იმავდროულად, ოპოზიციაში აცხადებენ ფიზიკურ ძალადობაზე საპროტესტო აქციების მხარდამჭერებსა და ორგანიზატორების მიმართ. დაშავებულთა თქმით, ყველა თავდამსხმელი იყო ნიღბებით და ხელკეტებით.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაცემი ადამიანების ფოტოები. ესენი არიან დიჯეი გიორგი შენგელია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ღვინიანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრი ჩიქოვანი, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის ძმა გია ჯაფარიძე, პოლიტიკოსი გიორგი ონიანი, პარტია „ახალის“ წევრის ნოდარ ჩაჩანიძე, „გირჩის“ წევრი ბორის ჩელე ყურუა, პროტესტის მონაწილე გიორგი მუმლაძე, პედაგოგი ლადო აფხაზავა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა სანდრო შენგელიამ ოჯახზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს“, - განაცხადა გომელაურმა.
ამ დროისთვის გამოძიებამ ამოიცნო მხოლოდ ერთი თავდამსხმელი, რომელიც მასწავლებელ ლადო აფხაზავას დაესხა თავს. მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალი და 4 ათასი ლარის გირაოთი გაათავისუფლეს.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული. აქციების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროტესტი ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს, განაცხადეს სუსში.