ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

ნუცას გამოსვლამ და ფინალში მოხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, მიაჩნია „პირველი არხის“ გენერალურ დირექტორს
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. „ევროვიზია 2024“-ის ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალში 11 მაისს 24-ე ნომრად წარდგება, ნათქვამია „ევროვიზიის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
საერთაშორისო კონკურს „ევროვიზია-2024"-ის ფინალი შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება.
ნუცა ბუზალაძე
„დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, დიდი ფინალის დღე! რასაც საქართველო ამდენი წელი ელოდა. დღეს საღამოს გამოვალთ 24-ე ნომრად 🇬🇪 ხმის მიცემა იწყება პირველივე ქვეყნის გამოსვლისთანავე, ანუ საკმაოდ დიდი დრო გვაქვს, ჩემი ნომერი იქნება 24!!!“ - დაწერა ნუცამ სოციალურ ქსელში.
საქართველოს „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველო გავიდა ფინალში ძლიერი ქვეყნების გვერდით, და ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.
„საქართველო არის შვიდი წლის შემდეგ ფინალში, მით უფრო, მაშინ, როდესაც სისტემა შეიცვალა, ჟიური აღარ აძლევს ქულებს ფინალისტებს, მხოლოდ სმს-ს შეუძლია, მონაწილე გაიყვანოს ფინალში. ჩვენ ვნახეთ, რომ უამრავმა ევროპულმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი საქართველოს და ძალიან ძლიერ ქვეყნებს შორის გავხდით გამარჯვებული. შევედით ათეულში, რაც უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა. ვფიქრობ, ნუცას გამოსვლამ და ფინალში მოხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ნუცა ბუზალაძე
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალს, რომელიც 7 მაისს შედგა, ფინალში გადავიდნენ სერბეთი, პორტუგალია, სლოვენია, უკრაინა, ლიეტუვა, ფინეთი, კვიპროსი, ხორვატია, ირლანდია, ლუქსემბურგი.
ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.