თბილისში აქციაზე დაკავებულ ორ მომიტინგეს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ამისთვის თანხა გადაუხადეს
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე ორ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, პროკურორმა საქმის ახალ გარემოებებზე ისაუბრა.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განცხადებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ამისთვის თანხა გადაუხადეს.
„ერთ-ერთი ბრალდებული აღიარებს კიდეც დანაშაულს. ასევე მიუთითებს იმ პირებს, რომლებმაც შესაძლოა, მას დაავალეს გარკვეული ქმედების განხორციელება. გარკვეულმა პირებმა გადაუხადეს თანხა და ამის გამო განახორციელეს ქმედება, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება გააჩნია.
„მოცემულ საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. მათ შორის წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები, რომლებიც გადაღებულია არაერთი კომპანიის მიერ და გამოთხოვილია არაერთი კომპანიიდან. ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის ასახული ორივე ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედება. ჩატარებულია ექსპერტიზები და დადგენილია, რომ აღნიშნულ ვიდეოში ნამდვილად არიან ის პირები, რომლებიც ბრალდებული არიან“, - განაცხადა ხინთიბიძემ.
სასამართლო კიდევ ოთხ დაკავებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოგვიანებით მიიღებს.
შსს-მ 9 მაისს გაავრცელა ინფორმაცია ექვსი დაკავებულის შესახებ. ყველას ბრალად ედებათ პოლიციელებზე თავდასხმა და სხვისი ნივთის დაზიანება.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, 16 აპრილს, აქციის დროს, ერთ-ერთმა დაკავებულმა სამართალდამცველებს ბლაგვი საგანი ესროლა, რის შედეგადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს თვალი დაუზიანდა.
იმავე დღეს ერთ-ერთმა დაკავებულმა საპატრულო პოლიციის კუთვნილი ავტომობილი დააზიანა. კიდევ ორმა დაკავებულმა 1-2 მაისს აქციაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ვიდეოდაკვირვების კამერები დააზიანა.
ერთ-ერთმა დაკავებულმა 1 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის დროს პარლამენტის შენობის ჭიშკარი დააზიანა, ასევე პარლამენტის ეზოში შსს-ს თანამშრომლებს ქვა ესროლა, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი დაშავდა.
ასევე, 1 მაისს აქციაზე ერთ-ერთმა მომიტინგემ დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერა.
აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად შვიდი პოლიციელი დაშავდა, მათგან ერთს ოპერაცია ჩაუტარდა და ის ამ დრომდე მკურნალობას გადის.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
სხვა საქმეები
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მოქალაქეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით სხვა საქმეების გამოძიებაც მიმდინარეობს.
გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.